პოლიტიკა • 8 აპრილი 10:17
"ინდიგოს" ჟურნალისტმა, საბა სორდიამ სასამართლო დარბაზში მისი დაკავების დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოლიგარქის პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
"არ განუმარტავთ შსს-ს რომელი დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ, არც მათი სახელები და გვარები განუმარტავთ. შემდეგ როდესაც გადამიყვანეს განყოფილებაში და დამშვიდდა სიტუაცია, შემდეგ გავიგე რომ ორი მეგრელი იყო და ხუმრობით ვუთხარი, მანამდე რატომ არ მითხარით-თქო... ჩანთის გახსნა დავიწყე მე თვითონ და შემდეგ შიდა ჯიბის გახსნა დაიწყო ერთ-ერთმა პოლიციელმა, რასაც მოყვა ჩემი წინააღმდეგობა, მხოლოდ სიტყვიერი, რომ მე თვითონ გავხსნიდი. რაზეც, ხან ხელი დამიჭირა, ხან რაღაცა, ასევე Go Pro მქონდა ჩანთაში, რომელიც ამოვიღე - კამერაც მოხვდათ თვალში და ამასაც უკმაყოფილება ჰქონდა. [...]
დაკავების შემდეგ, როცა ჩამსვეს მანქანაში, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, არ შეუგინებიათ, მაგრამ პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. შემდეგ როცა წავედით განყოფილებაში, აქაც 1-2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა ეს შეურაცხმყოფელი ფრაზები. ასევე, კამერაზე გავამახვილე რამდენჯერმე ყურადღება, რადგან ერთი მაისის აქციების დროს წამართვეს და სათუთი ნივთია ჩემთვის. რამდენჯერმე გავიმეორე კამერაზე და მითხრეს, რომ კედელს მივანარცხებო", - თქვა სორდიამ.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის პოლიციამ ჟურნალისტი 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.
როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ სორდიამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც დაკავებულმა უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა ის მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.
დღეს, სორდია დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება.