პირველი „საშიში“ იდეალისტი იესო ქრისტე იყო - გოჩა მირცხულავა

საზოგადოება 7 აპრილი 16:02

საზოგადოება

მაშინ, როცა ქართული სახელმწიფო სხვა ჯიუტი რეალობის წინ დგას;

მაშინ, როცა საპროტესტო მუხტის ავანგარდში ჟურნალისტები მთავარი როლის შემსრულებლად იქცნენ და პროფესიამ სამოქალაქო აქტივიზმს აუწყო ფეხი, ქართველი მაყურებელი და მკითხველი მონატრებულია, სხვა თემებზე ინტერვიუებსა თუ სტატიებს.

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, საინტერესო გამოწვევად იქცა, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ინტერვიუ ჩამეწერა, „საშიში იდეალისტების“ ავტორთან.

წიგნი, მაღაზიათა ქსელში, გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა. მაღაზიის „დახლები იუწყებოდნენ“, რომ „საშიში იდეალაისტების“ ავტორი გეგე დადიანი იყო. სადაც არ უნდა „დაგესერჩა“, გეგე დადიანის შესახებ ინფორმაციას ვერსად ნახავდი, რაც იწვევდა ეჭვს, რომ ავტორი ვინმე ისეთი უნდა ყოფილიყო, ვინც „გაექცა“ საკუთარი თავს და ფსევდონიმს „ამოეფარა“.

მაშინ, როცა ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველო ევროპული კურსისკენ სვლას 2028 წლამდე ოფიციალურად შეწყვეტდა, ქუჩები ახალგაზრდობით და არა მხოლოდ ახალგაზრდობით, გაივსო.

დარბევები, ცრემლსადენი აირი, სპეცრაზმი, პოლიციური რეჟიმი, ნაცემი, დასახიჩრებული, დაპატიმრებული ადამიანები თბილისში და არა მხოლოდ.

ერთ, „გამოუსწორებელ“ ჟურნალისტს ყოველ საღამოს აქციებზე ვხვდებოდი, წინა რიგებში მდგომს. არც ისე ახალგაზრდას ასაკით, თუმცა პროგრესულად მოაზროვნეს.

ეს კაცი გოჩა მირცხულავა გახლდათ...

მე, როგორც ჟურნალისტს, არ გამომპარვია და სანდო წყაროებიდან ვიცოდი, რომ გეგე დადიანის უკან, გოჩა მირცხულავა იყო, თუმცა პროფესიულმა, ეთიკამ დუმილი მირჩია. უცებ, სოციალურ ქსელში, მირცხულავას აღიარებასაც წავაწყდი - „მე ვარ „საშიში იდეალისტების“ ავტორი“...

გადავწყვიტე, რომ ინტერვიუ ჩამეწერა - საშიშ იდეალისტთან, გოჩა მირცხულავასთან „საშიშ იდეალისტებზე“... იმედია არ მიწყენს, თუმცა, თუ ვინმეს შეიძლება ვერ ვუწოდოთ ადვილი რესპონდენტი, ეს გოჩა მირცხულავაა. მასთან საუბარი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. გონიერ, განათლებულ და მოაზროვნე ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერა სერიოზულ მომზადებას საჭიროებს.

გთავაზობთ ინტერვიუს „საშიშ იდეალისტებზე“ და მიმდინარე საკითხებზე, გოჩა მირცხულავასთან.

 

-თქვენი პირველი რომანი - „საშიში იდეალისტები“ საკმაოდ პოპულარულია. კრიტიკოსებს თუ დავესესხებით იგი, ერთგვარად წინასწარმეტყველურიცაა.

პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური რომანი, რომელშიც ჩვენი უახლესი ისტორია და მიმდინარე პროცესებია ასახული, ცხოვრების მრავალ ასპექტს ეხება და ერთი სიტყვით, ძნელიც კი არის მისი არსის გადმოცემა. კინომცოდნეობის დოქტორის, ლელა ოჩიაურის თქმით - „ეს არის რომანი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, ვინაიდან და რადგანაც იგი - თავისუფლებაზეა“.

მოდით, დავიწყოთ თავიდან - რატომ გაგიჩნდათ წიგნის დაწერის სურვილი, თუ გავითვალისწინებთ, „საშიში იდეალისტები“ თქვენი სადებიუტო ნაწარმოებია მხატვრულ ლიტერატურაში.

-წლების მანძილზე ნიკა რურუა მაიძულებდა გამომეცა წიგნი, სადაც ძირითადად ჩემი პუბლიცისტიკა მოიყრიდა თავს. კონცეფციაც კი შემომთავაზა. მიმაჩნდა, რომ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და ფეხს ვითრევდი. თან ქართველების ბუნება მოგეხსენებათ - აქ ან ყველა პოლიტიკოსია, ან ექსპერტი, იმის მიხედვით, ვის რა და როგორ აწყობს. ამიტომ, ჩემი პუბლიკაციების გამოცემა, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა რესურსებზე და ბეჭდურ გამოცემებში ქვეყნდებოდა, ვერ გავითავისე. ეს იქნებოდა წიგნი ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის. რაღაც სხვა უნდა მეცადა, საკუთარი თავისთვის რომ ყოფილიყო გამოწვევა, პირველ ყოვლისა. სრულიად სპონტანურად გაჩნდა იდეა, ჯერ კიდევ 2023 წლის აგვისტოში და ოქტომბერში წიგნი უკვე მზად იყო. თუმცა 2024 წლის აგვისტომდე მისი გამოცემა ვერ მოხერხდა. უცნობ და არაპოპულარულ ავტორს გამომცემლების უმეტესობამ უარი უთხრა წიგნის დაბეჭდვაზე. ბოლოს კეთილი ადამიანების თანადგომით შესაძლებელი გახდა წიგნის გამოცემა.

-თუ ვინმეზე შეიძლება ვერ ვთქვათ „უცნობი და არაპოპულარული“, არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ თქვენთან მიმართებით ამ ტერმინების გამოყენება არ გამოდგება. თქვენ წლების მანძილზე მოგყვებათ თქვენი აუდიტორია, რომელიც აქტიურად გკითხულობთ. თუმცა, ეჭვი მაქვს რომ არაპოპულარული, თქვენ მიერ აღებული ფსევდონიმი „გეგე დადიანი“ შეიძლება აღმოჩენილიყო გამომცემლობისთვის და აქვე ვიკითხავ, რატომ აირჩიეთ ფსევდონიმი?

-სწორედ იმიტომ რაც აღნიშნეთ - არ მინდოდა ადამიანების გარკვეული ნაწილი, ვისთვისაც ჩემი სამოქალაქო პოზიცია ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობილია, წინასწარ მოქცეულიყო კლიშეს ქვეშ და გასჩენოდა აზრი - ეს ახალს რას იტყვის. თან იყო ერთგვარი ინტრიგაც. ფსევდონიმში - გეგე დადიანი - გარკვეული კოდი, გნებავთ პროგრამა ჩავდე.

-თქვენ წიგნის წინასიტყვაობაში ამბობთ, რომ უძღვნით მკითხველს, დედას, ახალგაზრდებს და „ვუძღვნი ადამიანებს, რომლებიც არასოდეს დაიღლებიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში; ვუძღვნი სახელმწიფოს.“ უფრო ვრცლად, რომ განუმარტოთ მკითხველს, თუ კრიტიკულად არ ჩამითვლით, პათეტიკა ისედაც მძლავრად ჭარბობს ქვეყანაში, ამ მიძღვნის მოტივის შესახებ?

-შესაძლოა, ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ მე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი და მოქალაქე ვარ. მე არ ვარ საქართველოს მცხოვრები, ან მოსახლეობის წარმომადგენელი - მე ვარ მოქალაქე, საკუთარი პასუხისმგებლობებით ამ სახელმწიფოს წინაშე, ვალდებულებებით და უფლებებით. სახელმწიფო კი ჩემთვის სულაც არ გახლავთ რაიმე სახის აბსტრაქტული ცნება. ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება, რომ ჰყავდეს ღირსეული მოქალაქეები, რომლებიც მუდამ იბრძოლებენ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. სანაცვლოდ კი სახელმწიფო იქნება მათი გარანტირებული უფლებების დამცველი. ჩემი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ეს მთავარი არსი დავანახო ადამიანებს. იმათაც კი, ვინც ეს კარგად იცის, და ერთხელაც დავაფიქრო, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, მათ შორის პიროვნული, არ გახლავთ რაიმე სახის მუდმივი სუბსტანცია - მას მუდამ სჭირდება დაცვა, გაფრთხილება და მისთვის მიუღებელია პიროვნული კონფორმიზმი. ამ აზრის მატარებელია ეს მიძღვნა.

-წიგნი მართლაც მრავალშრიანია და ასე ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რაზეა და ვისზეა ძალიან ძნელია. „საშიში იდეალისტები“ არის პოლიტიკურიც და ამავდროულად ფსიქოლოგიურად დატვირთული ნაწარმოები. ჩემს გარემოცვაში, თითქმის ყველამ, ვინც კი ნაწარმოები წაიკითხა თქვა, რომ ძალიან ემოციურია. ამავდროულად, ყველამ აღნიშნა, რომ რომანი ერთგვარი წინასწარმეტყველებაცაა დღევანდელ ჭრილში. სწორედ ამ წინასწარმეტყველების ნაწილში მინდა ვიკითხო - რა იცოდით, თუ ეს უბრალოდ შეგრძნებების დონეზე მოვიდა?

-უხსოვარი დროიდან, რაც ადამიანმა ძალაუფლებით ტკბობა დაიწყო, ხელმწიფის ფილოსოფია არ იცვლება. კაცობრიობის ისტორიას სულ რამდენიმე მაგალითი აქვს იმისი, თუ როგორ თქვეს ძალაუფლების მპყრობლებმა უარი, არა მხოლოდ პრივილეგიებზე, არამედ ადამიანების დამორჩილებისა და მათი მართვის დაუოკებელ სურვილზე. განვითარებულ დემოკრატიებშიც კი გვხვდება ძალმომრეობის ცალკეული მაგალითები. ხოლო იქ, სადაც დემოკრატია მყიფეა, ან არც არის, სახელმწიფო კი ბიზანტიური და რუსული მმართველობის სისტემით იმართება, ცდუნება რა თქმა უნდა, უფრო დიდია. ამიტომაც, მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის წმინდა ქართული მოვლენა და მაინც და მაინც, ამ წუთას მიმდინარე პროცესი - ეს სხვადასხვა გამოხატულებით ხდებოდა და კიდევ მოხდება სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგრამ მე ჩემი მტკივა, მაშფოთებს და სწორედ, ამოსავალიც წმინდად ქართული იყო. დანარჩენი კიდევ განჭვრეტის უნარის და დიაპაზონის საკითხია.

-განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნში სახელმწიფოს და რელიგიის ასპექტები. წიგნი მძიმე ბრალდებებითაა გაჯერებული. თქვენ პირდაპირ ამბობთ, რომ სახელმწიფოს განვითარებას, რელიგიური ინსტიტუცია აფერხებს. ასევე ხაზს უსვამთ, რომ პოლიტიკურ ელიტა უფრო მეტად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ვიდრე სახელმწიფოებრივ განვითარებაზე.

-მე ბრალს არავის ვდებ, ეს ჩემი აზრია და ვფიქრობ, არც თუ უსაფუძვლო. ამაზე არა მხოლოდ რომანში, ჩემს პუბლიკაციებშიც არაერთხელ მისაუბრია. პრობლემა ის გახლავთ, რომ როდესაც ამ თემას ეხები, ადამიანები ქრისტეზე და ქრისტიანობაზე იწყებენ საუბარს. მე კი მხოლოდ კეთილად მეღიმება ამ დროს.

-რატომ? ან რა იწვევს თქვენს „კეთილ“ ღიმილს?

-მე არასოდეს არ ვეხები რწმენას. თითოეული ინდივიდის გადასაწყვეტია, ვინ სწამს, რა სწამს და როგორ სწამს. მე ვსაუბრობ რწმენის მანიპულაციაზე, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების და არა მხოლოდ, უმეტესი ნაწილი ვერ იგებს.

- ისევ ბრალდება, ეჭვი მაქვს, რომ თქვენ მორწმუნეთა რიგებში მყოფთ ბრმად მიმყოლებად აღიქვამთ იმ ინსტიტუციისა, რომელსაც სახელმწიფოს მოსახლეობის 90% ზე მეტი ენდობა. ასევე აღნიშნეთ - ვერ იგებსო, რომანშიც კი კი ერთ-ერთი გმირი - მემე, ეკითხება მთავარ გმირს - ორდეს, იქნებ არ არის ხალხი მზად, შენი ნათქვამის გასაგებადო... ხომ არ უშვებთ, რომ თქვენ არ გესმით ამ ხალხის და თქვენ ვერ უგებთ მათ?

-იმედს ვიტოვებ, რომ თქვენც არ უშვებთ შეცდომას და თქვენი რელიგიური გრძნობებისა და იდენტობის, რწმენის გაიგივებას არ ახდენთ რელიგიური ინსტიტუციის ადმინისტრაციასთან და იერარქებთან. სამწუხაროდ, არაერთი გამოკითხვითა და ტესტით დგინდება, რომ სწორედ ამის მიხედვით, ანუ საკუთარი რწმენის ინსტიტუციასთან გაიგივების საფუძველზე აძლევს გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობა პასუხს, რელიგიური ინსტიტუციას მაღალი რეიტინგის ხაზგასასმელად. თუმცა ეს არ მიკვირს.

-რატომ?

-საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, სადაც არ არის ბიბლიის ან ახალი აღთქმის ერთი ან ორი ეგზემპლარი. და მითხარით, რამდენ ოჯახში არ იქნება ეს წიგნი გადაშლილი? წაკითხული კი არა, გადაშლილი. ან რამე ეტყობა ამ ქვეყანას იმის, რომ მისი მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც მეტწილად ტრადიციით არის ქრისტიანი - მართლმადიდებელი, ქრისტეს წესებით ცხოვრობს? ეს კითხვა წიგნშიც უფრო მძაფრად არის დასმული.

ზემოთ გმირების დიალოგი გაიხსენეთ და თქვენც იკითხეთ, იქნებ არ არიან მზად იმის მოსასმენად, რასაც თუნდაც მე ვწერ - როგორც მემე ეკითხება ამას ორდეს. ორდე უპასუხებს, რისთვის იყო ადამიანი მზად - ბორბლის გამოსაგონებლად? უფრო ყოფით რამეს გეტყვით - მობილური ტელეფონისთვის იყო მზად ადამიანი? რომელიც, ერთის მხრივ, ანტენებს აპროტესტებდა და ამავდროულად, მარჩენალ ძროხას ყიდდა ან სესხს იღებდა, შვილისთვის მობილური ტელეფონი რომ შეეძინა. აზრის მიუღებლობა მხოლოდ ცოდნის სიმწირისგან კი არ მოდის - კულტურის, თუნდაც სმენის კულტურის არქონის შედეგიც გახლავთ. რაც შეეხება ბრალდებას, ბარემ დავაზუსტებ - ვინმესთვის რამე დამალულია? ვინმე რამეს ვერ ხედავს? ის, რომ ვიღაც ეგუება, კონფორმისტია, ან ეშინია და დუმს, ეს მათი პრობლემაა და სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ისეა, როგორადაც მათ წარმოუდგენიათ, ან სურთ იყოს. ის, რომ დღეს, რეჟიმს, კონკრეტულად ვიღაც კონფორმისტის შვილი არ ჰყავს დატუსაღებული, თან უკანონოდ და შეთითხნილი ბრალდებით, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ფაქტი არ არსებობს.

-„ნუ გეშინია“! შიში ახსენეთ და თქვენ მნიშვნელოვან ადგილს უთმობთ რომანში შიშის ფაქტორს. მთელ რომანს ლაიტმოტივად გასდევს - „ნუ გეშინია“. რომანში მასის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აისახება, როგორც მათ ქცევებში, ისე ზოგად ნარატივში. წიგნში ერთ-ერთი მთავარი მოწოდება გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე არის „ნუ გეშინია!“ ფიქრობთ, რომ ასე ადვილია არ ეშინოდეს ადამიანს?

-სამეგრელოში ამბობენ ხოლმე, ადვილი ღომის ჭამაც არ არისო და შიში - ადამიანისთვის, მე ვიტყოდი უმთავრესი დილემა, როგორ შეიძლება ადვილად დაძლევადი იყოს? თუმცა, არჩევანი ამ მხრივ თვალნათელია - ვისაც ეშინია არის მორჩილი - უფრო მძიმე შეფასებას არ გამოვიყენებ. დაკარგული აქვს პიროვნული იდენტობა და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს. უფრო მარტივად - მშიშარა ადამიანი არ გახლავთ პიროვნულად თავისუფალი და მასთან ერთად ომში და მთაში კი არა, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის საყურებლადაც ვერ წახვალ. მშიშარა ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი თავის, სახელმწიფოს მტერია. დიახ, თან ყველაზე საშიში მტერი. მშიშარა ადამიანი პოტენციური მოღალატეა და ის, ვერასოდეს შექმნის ახალს, ვერასოდეს გაიმარჯვებს, ვერასოდეს იგემებს პირადი წარმატების გემოს და მუდმივად სხვის მორჩილებაში უნდა იცხოვროს.

-ეს თქვენი შეფასებაა, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიმეკის შესაძლებლობის სივრცეს აჩენს. ადვილი არ არის, ადამიანს აიძულო იმ ნაჭუჭიდან გამოძვრეს, რომელიც ეკომფორტულება, იმიტომ, რომ ვიღაც, ერთ კონკრეტულ პირს სურს... და მაინც, როგორ წარმოგიდგენიათ გამოსავალი?

-ფიქრი და აზროვნებაა გამოსავალი. საკუთარი თავის პოვნაა გამოსავალი, რაც საკუთარ შიშებთან გამკლავების შესაძლებლობას მოგცემს და ამის შემდეგ შეძლებ მხოლოდ მართლა ადამიანად იგრძნო თავი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ გაიაზრო, რას ნიშნავს თავისუფლება და ამის შემდეგ შეგიძლია იბრძოლო, რათა შეცვალო, დაამარცხო მანკიერებები თანამოქალაქეებთან ერთად. ბრძოლას ძალა კი არა, სიტყვა სჭირდება, სიტყვა იდეიდან ჩნდება და შესაბამისად, ვერაფერსაც ვერ შეცვლი, ვერ გაიმარჯვებ თუ იდეალისტი არ იქნები.

-და მაინც, რატომ საშიში? ბატონი როსტომ ჩხეიძე წიგნის რეცენზიაში აღნიშნავს, რომ იდეალისტები საშიშნი არიან ძალმომრეობითი ხელისუფლებისთვის, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან იმ სისტემას, სადაც ადამიანი მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი.

-დიახ, სწორედ ამიტომ. აქვე, მადლობა ბატონ როსტომს და გიორგი თავართქილაძეს წიგნზე გამოქვეყნებული რეცენზიებისთვის. საშიში - იმიტომ, რომ იდეალისტები არ უყვართ, სძულთ უზურპატორებს და მათ მორჩილებს. იდეალისტებს ვერ იტანენ, რადგან მათ მოაქვთ ცვლილებები, პროგრესი. იდეალისტები აშენებენ სახელმწიფოებს, უზურპატორებს კი ქვეყანა სჭირდებათ - ქვეყანა ყველაფერს იტანს, დამპყრობელსაც კი ეგუება, ხარკსაც იხდის და მისი მოსახლეობა კი კომფორტისთვის ფიანდაზად ეგება ყველა ტირანს და მმართველს. იდეალისტები კი იბრძვიან მანკიერი წრეებისა და სისტემების წინააღმდეგ, რომელსაც ქმნიან ძალმომრეობითი ხელისუფლებები.

-ჰყავთ თქვენს პერსონაჟებს პროტოტიპები?

-წიგნში რამდენიმე ნამდვილი ან ინტერპრეტირებული ამბავია. ზოგი გმირისთვის სახელიც კი არ შემიცვლია. ცალკეული გმირების პროტოტიპები ჩემი უახლოესი ადამიანები არიან და ძალიან მიხარია, რომ გარკვეულწილად შევძელი მათთვის ცხოვრების განმავლობაში, ჩემს გვერდით სიარულისთვის, მადლობის გადახდა. ზოგადად ასე ვფიქრობ, რომ პერსონაჟი არსაიდან არ არსებობს. თუ ის იბადება მწერლის გონებაში და ავტორი ძერწავს მის ცხოვრებას, უკვე რეალურს ხდის მას. ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული, მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებები - ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. მთავარია დავინახოთდა გმირებიც გამოჩნდებიან.

-ძალიან რთულია, რომანის შინაარსობრივი განხილვის შემდეგ, ვიზუალურ გაფორმებაზე საუაბარი, თუმცა არ იქნება ალბათ მკითხველისთვის გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს წიგნის მხატვრული გაფორმება.

-მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ირაკლი ნაკუდაიძეს, მართლაც საოცრად მეტყველი პოსტერებისთვის. თითოეული პოსტერი წიგნის კონკრეტული თავის ისტორიაა. საკმაოდ საინტერესო იყო მასთან მუშაობა და მე ვიტყოდი, რომ მისმა ნამუშევრებმა წიგნს, როგორც ნაწარმოებს, მნიშვნელოვანი სიმდიდრე შესძინა. მთლიანობაში, ვერც კი წარმომიდგენია „საშიში იდეალისტები“ მისი ნამუშევრების გარეშე.

-ბატონო გოჩა, როგორც ჟურნალისტს მაქვს ინფორმაცია, პირველწყაროებიდან, რომ თავიდან წიგნი ე.წ. ჰეფი ენდით არ სრულდებოდა, სხვა შინაარსობრივი დასასრული ქონდა. თუმცა ბოლოს, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ წიგნი ოპტიმისტურად დასრულებულიყო. რა იყო ამ ცვლილების მიზანი და ეს თქვენი მხატვრული არჩევანია თუ ზოგადად ოპტიმისტი ხართ?

-დიახ, ნამდვილად ასე იყო. ვფიქრობდი, უფრო მეტი ტრაგიზმით უკეთ ვიტყოდი სათქმელს. შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს ყველაფერთან ერთად ძალიან ბანალური იქნებოდა. ჩვენთან ხომ ყოველი მეორე, თუ ხუთიდან ოთხი არა, ავტორი კლავს, ასახიჩრებს, ამარცხებს გმირს. რითი, ამას სულაც არ აქვს მნიშვნელობა. ზოგჯერ მგონია, რომ ავტორებმა ლევ ტოლსოის „ანა კარანინა“ სრულიად მახინჯად წაიკითხეს და მათაც გადაწყვიტეს რომ გმირი უნდა მოკლან. მგონი ქართულმა კულტურამ ძალიან დათრგუნა და გადაღალა საზოგადოება მუდმივი ტრაგიზმის დემონსტრირებით, დადებითი გმირების სიკვდილითა და მარცხით. ადამიანების უმეტესობას უჩენენ განცდას, რომ ისინი დამარცხებისთვის არიან განწირულნი, რომ სამართლე და სიკეთე კი არ იმარჯვებს, არამედ უსამართლობა და ბოროტება უძლეველია. ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს ეს პარადიგმა. სხვაგვარად უბრალოდ ცხოვრების ფილოსოფია კარგავს აზრს. მარტივი ჭეშმარიტებაა, ბავშვი რომ წაიქცევა, დგება და სიარულს აგრძელებს. ჩვენ მივაჩნიეთ მკითხველი, მსმენელი თუ მაყურებელი, მიწაზე დაცემული გმირის მიტოვებას. დაუშვებელია პუბლიკას მუდამ ის უთხრა, რომ ნახეთ ცხოვრება რა მრუდეა, რა ცუდია ირგვლივ ყველა, ყველაფერი და მხოლოდ მე ვარ კარგი, რადგანაც ამას ვხვდბი და განახებ. მინიმუმ აბეჩავებ ადამიანს და მუდმივ სტრესში ამყოფებ. კარგი მაგალითი ბევრად გადამდებია, ვიდრე ცუდი. მე იდეალისტი ვარ და შეუძლებელია ოპტიმისტი არ ვიყო. ამიტომ, ალბათ, ჩემი შემდგომი რომანი ასევე ოპტიმისტურად დასრულდება.

-არ გავუშვებ ამ შესაძლებლობას ხელიდან, ვინაიდან ექსკლუზივების მოყვარული გახლავართ და ბარემ ვიკითხავ, რაზე მუშაობთ ახლა?

- ფაქტობრივად დასრულებული მაქვს ახალი ნაწარმოები - „ღმერთის საყვარელი“. ჯერ ვერ გეტყვით მის გამოსაცემად რამდენი წვალება მომიწევს, თუმცა ვფიქრობ რომ შევძლებ. ასევე - ვმუშაობ კიდევ ერთ ნაწარმოებზე და ვნახოთ - ყველაფერი წინაა.

- ჟურნალისტები სიადვილის მოყვარული ხალხი ვართ, ვინაიდან გვსურს, რომ ყველასთვის გასაგებად ვწეროთ. ზოგჯერ ინტერვიუ მხოლოდ კითხვა-პასუხების ჟანრად აღქიმება, არადა ვფიქრობ, იგი შინაარსიანი და აზრიანი დიალოგი უნდა იყოს. მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

-მადლობა თქვენ და მადლობა იმ ათასობით საშიშ იდეალისტს, ვისაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეძვირფასება და იბრძვის სახელმწიფოს წარმატებისთვის. მადლობა ყველას, ვისაც არ ეშინია.

-ჩაგეკითხებით დასასრულის წინ და ამ ნოტაზე დავასრულოთ საუბარი, საშიშ იდელისტებად იბადებიან, თუ ხდებიან? ან როგორ შეუძლია ნებისმიერ მსურველს გახდეს საშიში იდეალისტი?

-ადამიანი იბადება თავისუფალი, სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან იგი არის შექმნილი „ხატად თვისა“. შესაბამისად, მისი დანიშნულება იმთავითვე გასაზღვრულია - ქმნა. და სწორედ აქ ჩნდება არჩევანი - პიროვნული არჩევანი - იყო თავისუფალი სწორედ ისე, ვის ხატადაც ხარ შექმნილი, თუ იყო ფარისეველი, კონფორმისტი, მონა... მე მიმაჩნია, რომ სამყაროში ყველაზე პირველი და ყველაზე „საშიში“ იდეალისტი იესო ქრისტე იყო და არის. იესო ქრისტე, რომელმაც ძველი ახლით შეცვალა და ამ იდეისთვის ჯვარზც კი ავიდა. შესაბამისად, ჩვენ ყველანი იდეალისტებად ვიბადებით. უბრალოდ, მშიშარა, მხდალი და კონფორმისტი ადამიანები ვერ ხვდებიან საკუთარ დანიშნულებას და სიკეთით ქმნას, ბოროტად ქმნას, ან უქმნელობას ამბჯობინებენ.

მაქვს იმის განცდა და მჯერა, ჩვენ - იდეალისტები გავიმარჯვებთ. ამიტომაც არ მოკვდა მთავარი გმირი - რადგან ეს, ჩვენს, ყველას ნაცვლად გააკეთა იმან - პირველმა საშიშმა იდეალისტმა - იესო ქრისტემ და საკუთარი არჩევანის სისწორის გამო აღსდგა.

 

ესაუბრა ზუკა ნემსაძე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
„მე ვცხოვრობდი საქართველოში 2008 წელს და მე ვნახე რა გაუკეთეს მათ ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და მე ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება“ - ილია თოფურია

"რაც მე ვიცი ჩემი ისტორიიდან, ჩემი ცხოვრებიდან, არის ის, რომ ისინი, რუსები არიან ... პუტინი, მოდი ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მართავენ რუსეთს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგი არავინაა, მე ვსაუბრო...

საზოგადოება 19:43

ლუკაშენკო
„ქართულ პროდუქციას არც EU-ში იღებდნენ და არც ამერიკაში; სად წავიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან, (და) რუსეთში“ - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო ისევ საქართველოზე ლაპარაკობს და იმედს გამოთქვამს, რომ "კიევი თბილისს მიბაძავს": "საქართველო - შეხედეთ, რა მოხდა. ისინი უკვე, როგორც დღეს წავიკითხე, არ გამორიცხავენ, რომ...

პოლიტიკა 19:31

ნინო წოლოსანი ხაბეიშვილი
“უწყინარი” ნაძირალა ქალი… მამაშენის შვილი, კორუმპირებული, ქურდი, წუწკი რას გაიგებ…” – ლევან ხაბეიშვილი წილოსანს

პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, ნინო წილოსანს პასუხობს, აქვეყნებს თავის ფოტოს და წერს: “უწყინარი” ნაძირალა ქალი    ვერ გაიგო თურმე ხარებას, მილერის და მისნაირი ნაბი&&&ების დასანქცირება … ასობით ადამიანი...

პოლიტიკა 19:28

ლოგო
საქართველოსთან დაკავშირებით 37 სახელმწიფო ეუთოს მიმართავს

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს.   ეუთოს წევრი ქვეყნების ერთ...

პოლიტიკა 19:25

 ანწუხელიძე წულუკიანი
„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე

„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - ასეთი შეაფასა თეა წულუკიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გიორგი ანწუხელიძის გმირობა. "მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მ...

პოლიტიკა 19:23

კობერიზე გრიგალაშვილი ჩელე
ვიდეო: რა დაემართა „გირჩს“ და სად მიდის ოპოზიციის გზა 

რა დაემართა „გირჩს“ და სად მიდის ოპოზიციის გზა   

პოლიტიკა 19:20