მსოფლიო • 24 მარტი 20:57
გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენზე იერიშები განიხილებოდა.
"ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა". - ჰქვია სტატიას, რომელიც გოლდბერგმა გამოაქვეყნა. მან სტატიას მიმოწერის ამსახველი რამდენიმე "სქრინიც" დაურთო.
"აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ლიდერებმა მე დამამატეს ჯგუფურ ჩატში, რომელიც იემენში მომავალ სამხედრო დარტყმებს ეხებოდა. არ დავიჯერე, რომ ეს მართალი იყო. შემდეგ ბომბები ჩამოვარდა." - წერს გოლდბერგი.
საუბარია 15 მარტს იემენელ ჰუსიტებზე აშშ-ს მიერ მიტანილ იერიშებზე. როგორც The Atlantic-ის რედაქტორი წერს, წერილების მიღებიდან 2 საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის საჰაერო ძალებმა ჰუსიტების სამიზნეებს დაარტყა.
"მე, თუმცაღა, ორი საათით ადრე ვიცოდი, სანამ პირველი ბომბები აფეთქდებოდა, რომ შესაძლოა იერიში მომხდარიყო. იმიტომ ვიცოდი, რომ პიტ ჰეგსეთმა, თავდაცვის მინისტრმა მომწერა საომარი გეგმა 11:44-ზე. გეგმა მოიცავდა დაწვრილებით ინფორმაციას იარაღის პაკეტზე, სამიზნეებსა და დროზე." - წერს გოლდბერგი.
გოლდბერგის თქმით მან 11 მარტს Signal-ში მაიკლ უოლცის სახელის მქონე ანგარიშიდან მოწვევა მიიღო. უოლცი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია. გოლდბერგი წერს, რომ თავდაპირველად ეჭვობდა, მართლაც უოლცისგან მიიღო თუ არა მოწვევა. თუმცა იმედოვნებდა, რომ ტრამპის მრჩეველს სერიოზულ საკითხებზე, უკრაინაზე ან ირანზე საუბარი სურდა. ამიტომაც მან უოლცი აპლიკაციის კონტაქტებში დაამატა.
ორი დღის შემდეგ გოლდბერგმა უოლცის ანგარიშიდან მიიღო საერთო ჩატში დამატების მოწვევა. ჟურნალისტი მოწვევას დაეთანხმა და აღმოჩნდა ჩატში, სახელად "Houthi PC small group". მასში 18 მომხმარებელი იყო, მათ შორის ანგარიშები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ან შემოკლებული ზედმეტსახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის მეთაური ტულსი გაბარდი, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ტრამპის მრჩეველი სტივ უიტკოფი და სხვები.
ჩატში დამატების შემდეგ საერთო ჯგუფში რამდენიმე მესიჯი მივიდა. გოლდბერგმა ჩათვალა, რომ ეს შესაძლოა დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი ყოფილიყო და საკითხი კოლეგებთან განიხილა. მას არ სჯეროდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საომარ გეგმებს Signal-ის ჩატში განიხილავდნენ.
14 მარტს ჟურნალისტმა საერთო ჩატიდან შეტყობინებები კვლავ მიიღო. მომხმარებელი, რომელსაც ჯეიდი ვენსის სახელი ეწერა, წერდა, რომ შესაძლოა იერიშების მიტანის გადაწყვეტილება შეცდომა იყო და ხალხი მათ მიზეზს ვერ გაიგებდა.
"მე არ ვარ დარწმუნებული, თუ აცნობიერებს პრეზიდენტი, რამდენად შეუთავსებელია ეს ევროპისადმი მისი ამჟამინდელი გზავნილისთვის. არსებობს დამატებითი რისკი, რომ ნავთობის ფასებში ზომიერი ან სერიოზული ზრდა ვიხილოთ. მე მზად ვარ დავუჭირო მხარი გუნდის კონსენსუსს და ეს შეშფოთებები ჩემთვის შევინახო. თუმცა, არსებობს ძლიერი არგუმენტი, რომ ერთი თვით გადავდოთ, საკომუნიკაციო სამუშაო ჩავატაროთ იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, დავაკვირდეთ, როგორი იქნება ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ." - წერდა მომხმარებელი ვენსის სახელით.
"მესმის თქვენი შეშფოთებები – და სრულად ვუჭერ მხარს, რომ ეს საკითხი პრეზიდენტთან დააყენოთ. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთა შედეგების პროგნოზირება რთულია (ეკონომიკა, უკრაინის მშვიდობა, ღაზა და სხვა). ვფიქრობ, კომუნიკაცია რთული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში – არავინ იცის, ვინ არიან ჰუსიტები – სწორედ ამიტომ საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე: 1) ბაიდენი ჩაფლავდა და 2) ირანის დაფინანსებულები არიან." - მიიღო პასუხი სავარაუდოდ ვიცეპრეზიდენტმა ანგარიშიდან, რომელსაც ჰეგსეთის სახელი ეწერა. მან განაგრძო წერა შესაძლო სცენარებსა და იმაზე, თუ რა პრობლემები შეიძლება შექმნილიყო იერიშების გადადებით.
"თუ ფიქრობ რომ უნდა გავაკეთოთ, კეთილი. უბრალოდ მეზიზღება, რომ კვლავ ევროპის გადარჩენა გვიწევს." - უპასუხა ჰეგსეთის ანგარიშის ანალიზს მომხმარებელმა ჯეიდი ვენსის სახელით. აქვე გოლდბერგი აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, ევროპელი მოკავშირეები საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები აშშ-ს მიერ დაცვის მეშვეობით ეკონომიკურ სარგებელს იღებენ.
ამ მესიჯების შუალედში ჩატში საკუთარი მოსაზრება დაწერა ანგარიშმა, რომელსაც "მაიკლ უოლცი" ეწერა. ის საუბრობდა სავაჭრო მაჩვენებლებისა და ევროპის საზღვაო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ.
"ახლა იქნება ეს თუ რამდენიმე კვირის შემდეგ, სწორედ შეერთებულ შტატებს მოუწევს ამ საზღვაო მარშრუტების გახსნა. პრეზიდენტის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ თავდაცვის დეპარტამენტთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, რათა განვსაზღვროთ ამ პროცესთან დაკავშირებული ხარჯები და ისინი ევროპელებს დავაკისროთ." - წერდა ანგარიში უოლცის სახელით.
"სავსებით ვიზიარებ თქვენს გაღიზიანებას ევროპელების უფასო სარგებლობით. ეს პ ა თ ე ტ ი კ უ რ ი ა. მაგრამ მაიკი მართალია - ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია... სხვებს მსგავსი შესაძლებლობა არც კი აქვთ. საკითხავია სწორი დრო. მგონია, რომ ახლა იმდენად კარგი დროა, რამდენადაც ნებისმიერი სხვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ პრეზიდენტმა საზღვაო მარშრუტების გახსნის დირექტივა გასცა." - უპასუხა ვენსის ანგარიშს ჰეგსეთის ანგარიშმა და დაამატა, რომ დონალდ ტრამპი გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათს იტოვებდა.
ამის შემდეგ საუბარში ჩაერთო ანგარიში, რომელსაც "S M" ეწერა. როგორც გოლდბერგი ვარაუდობს, ეს შესაძლოა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, სტივენ მილერი ყოფილიყო.
"როგორც მე გავიგე, პრეზიდენტი მკაფიო იყო: მწვანე შუქი, მაგრამ მალე უნდა გავაგებინოთ ეგვიპტესა და ევროპას, რას ველით მათგან სანაცვლოდ. ასევე უნდა გავარკვიოთ, როგორ უზრუნველვყოთ ამ მოთხოვნის შესრულება. მაგალითად, თუ ევროპა არ აანაზღაურებს ხარჯებს, შემდეგ რა? თუ აშშ დიდ ფასად წარმატებით აღადგენს ნავიგაციის თავისუფლებას, აუცილებელია, რომ ამის სანაცვლოდ დამატებითი ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ." - დაწერა S M-მა.
14 მარტს S M-ის მესიჯს ჰეგსეთის ანგარიშმა ერთი სიტყვით უპასუხა - "გეთანხმებით" - და ამით მიმოწერა დასრულდა.
გოლდბერგი წერს, რომ ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ეს დეზინფორმაციის მცდელობა იყო. მას უკვირდა, რომ ჩატში მისი ყოფნა ვერავინ შენიშნა, თუმცა გაკვირვებული იყო არგუმენტების სიმტკიცითა და სიღრმისეულობით. ჩატში განხილულმა თემებმა პიკს 15 მარტს მიაღწია.
15 მარტს პირველი მესიჯი დაახლოებით ადგილობრივი დროით დილის 12:00-ზე ჰეგსეთის სახელის მქონე ანგარიშმა დაწერა. გოლდბერგი არ წერს ამ მესიჯის შინაარსს, რადგან, მისი თქმით, ეს ინფორმაცია შესაძლოა აშშ-ს მტრებმა გამოიყენონ ამერიკის სამხედრო დაზვერვის საწინააღმდეგოდ. მისი თქმით მესიჯში დაწვრილებით იყო აღწერილი ოპერაციული დეტალები, სამიზნეები, გამოსაყენებელი იარაღი და დარტყმების თანმიმდევრობა. ამ მესიჯს მხოლოდ ვენსის სახელის მქონე ანგარიშმა უპასუხა: "გამარჯვებისთვის ვილოცებ".
2 საათის განმავლობაში გოლდბერგი ელოდებოდა, მართლა მიიტანდნენ თუ არა აშშ-ს ძალები იემენელ ჰუსიტებზე იერიშებს. მალე აღმოჩნდა, რომ ჯგუფურ ჩატში დაწერილი გეგმა რეალური იყო. იემენში ამერიკული რაკეტები ჩამოვარდა. ჟურნალისტმა Signal-ის ჩატი შეამოწმა და ნახა, რომ მისი წევრები მისიის წარმატებით შესრულებას აღნიშნავდნენ.
გოლდბერგი დარწმუნდა, რომ ჩატი რეალური იყო და იქიდან გამოვიდა. მას Signal-ზე არავისგან მიუღია შეკითხვები თუ რატომ გავიდა ჩატიდან ან ვინ იყო. მან 24 მარტს უოლცს Signal-ზე მიწერა, იცოდნენ თუ არა, რომ ჰუსიტებთან დაკავშირებით შექმნილ ჩატში ჰყავდათ დამატებული. მან სხვა კითხვებიც გაგზავნა. ეროცნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ორი საათის შემდეგ მას პასუხი გასცა და დაუდასტურა, რომ ეს ჩატი რეალური იყო. მან დაამატა, რომ არკვევენ თუ როგორ მოხვდა ამ ჩატში უცხო ნომერი.
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 20:37
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...
სოცმედია • 20:30
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...
მსოფლიო • 19:39
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 19:36
ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.
სოცმედია • 19:33
ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...
პოლიტიკა • 19:27
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა