„20 ივნისს კობახიძე არ იყო საქართველოში, დავურეკე პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს და ვკითხე: „თამარ, როგორ მოხვდა გავრილოვი დარბაზში?“, მან მითხრა, „აბა, მე რა ვიცი, როგორ აღმოჩნდა“ - თეა წულუკიანი

პოლიტიკა 14 აპრილი 13:01

წულუკიანი

მაშინ, როდესაც შეიძლება ამ კომისიის მანდატი ამას საერთოდ არ იმსახურებდეს, ვზივარ და ვპასუხობ თქვენს კითხვებს, ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა - სახლში არ გავქცეულვარ, რაც ბევრს უნდოდა, - ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რაში გამოიხატება გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ვერ გავიგე, რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ აგვიხსნათ. პოლიტიკაში ყოფნას აგრძელებთ ისე, რომ ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა -„თვალებზეც არ გცივათ“. აი ასე. აბსოლუტურად გაბედულად აგრძელებთ პოლიტიკაში ყოფნას ვითომაც, „ბალი ორი შაური“, უხეშად რომ იტყვიან. სად არის პასუხისმგებლობა? პოლიტიკური პასუხისმგებლობა წარმომიდგენია, რომ თქვენ გამოსულიყავი და გეღიარებინათ, რომ ეს ისეთი რაღაც მოხდა, რომ მე ამის მერე უბრალოდ, არ მაქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. შეიძლება სხვა რამეს გულისხმობთ და ძალიან გთხოვთ ამიხსნათ“,- აღნიშნა წულუკიანმა.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ პოლიტიკიდან წასვლა, „უპასუხისმგებლობა და გაქცევა“ იქნებოდა.

„აგიხსნით დეტალურად, მოკლედ და გასაგებად. პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითად რაც მოიყვანეთ, ეგ არის უპასუხისმგებლობა და გაქცევა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩემთვის არის ის, რომ თუ რამე შეცდომა დამიშვია, მე ყოველთვის მითქვამს, რომ ბევრი კარგი საქმეც გამიკეთებია და გაგვიკეთებია ყველას ერთად, მაგრამ შეცდომებიც დამიშვია. მე ამ შეცდომებზე რომ მაქვს პასუხისმგებლობა აღებული, ამიტომ ვარ დღეს პოლიტიკაში. სახლში კი არ გავქცეულვარ, რაც ბევრს უნდოდა. იმ ტვირთით, შეცდომებით, აი, ასე ვარ. არ მეშინია არც თქვენი კომისიის და არც გამოძიების. პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქაა, რომ დღეს აქ ვზივარ და მაშინ, როდესაც შეიძლება ამ კომისიის მანდატი ამას საერთოდ არ იმსახურებდეს, ვზივარ და ვპასუხობ თქვენს კითხვებს. ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იმის მაგივრად, რომ გადადგომის შემდგომ სადმე გავქცეულიყავი და დავმალულიყავი, აქ ვზივარ და თქვენგან მუქარებს ვისმენ. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გახარიამ.

აღნიშნულის საპასუხოდ, წულუკიანმა კიდევ ერთხელ იკითხა, რატომ არ დატოვა გახარიამ შს მინისტრობის თანამდებობა.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ომამდე იყავით ტანკისტი და არ გეშინიათ. რა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ იყოთ პოლიტიკაში ჩართული და გვიმტკიცებდეთ, რომ მართალი ხართ? რა მუქარებს ისმენთ? როდის დაგემუქრეთ? მუქარაც შეგვიძლია, მაგრამ რაში გვჭირდება? ბატონო გიორგი, რატომ არ გადადექით თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ესეც არის. დაწერეთ განცხადება და ვინმე უარი გითხრათ?“,- განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პასუხს, მისი აზრით, თუ კომისია „სამართლიანი და ნეიტრალურია“, სხდომაზე უნდა დასმულიყო კითხვა, ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში. საპასუხოდ კი, წულუკიანმა შეახსენა, რომ საქართველოს საზღვარს მაშინ გიორგი გახარია აკონტროლებდა.

„იმიტომ, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მაშინ შსს-ს მთავარი ვალდებულება პარლამენტის შენობის შტურმისგან დაცვა, შევასრულეთ და თქვენც ასე თვლით. კიდევ უნდა დავუბრუნდე იმ საკითხს. რატომ ვამბობ, რომ კომისია თუ არ არის ნეიტრალური და სამართლიანი, ამდენი ხანი ვსაუბრობთ და ერთი კითხვა არ დაგისვამთ - კაცო, ეს გავრილოვი საქართველოში როგორ ჩამოვიდა, ვინ ჩამოიყვანა? რატომ არ დაუძახეთ? დაუძახეთ იმ ხალხს, კაცო. ვინ, ქუცნაშვილი იყო ჩამომყვანი? ზაქარია ქუცნაშვილს არ ჩამოუყვანია გავრილოვი. მასპინძელი იყო კობახიძე. კობახიძემ აიღოს სრული პასუხისმგებლობა“,- განაცხადა გახარიამ.

„რა ვიცი, მაშინ, საზღვარზე რატომ შეუშვით? თქვენ აკონტროლებდით საზღვარს. მე საიდან უნდა ვიცოდე? ან იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მერე თქვენგან განსხვავებით, აიღეს პასუხისმგებლობა. ის, ვინც იყო მასპინძელი, ზაქარია ქუცნაშვილი, მან თქვენგან განსხვავებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არავის აღარ უნახავს პოლიტიკურ ველზე. კობახიძე ამ დროს არ იყო საქართველოში. ჩუგოშვილი იყო პირველი ვიცე-სპიკერი. ქუცნაშვილი იყო ამ ფორუმის მასპინძელი, მათ შორის იმ ფორუმზე მოწვეული პირების, როგორც დეპუტატი. როგორც კი ეს მოხდა, მან თქვენგან განსხვავებით აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, არა თვალის დათხრაზე, არამედ გავრილოვის შენობაში მოსვლაზე და მის მოწვევაზე. მაშინ აქაურობის პატრონი იყო თამარ ჩუგოშვილი, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ. მოვალეობას ასრულებდა. მე მას დავურეკე და ვკითხე, „თამარ, როგორ მოხვდა გავრილოვი დარბაზში?“ თუ დამიბარებენ ამასაც ვიტყვი, რეალობაა და ტყუილი არ არის. ქალბატონმა ჩუგოშვილმა მითხრა, „აბა, მე რა ვიცი, როგორ აღმოჩნდა დარბაზში“. ამის მერე მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არც მასპინძელი იყო, არც ადგილზე იმყოფებოდა, კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი, ვინც არ გადადგა, იყავით თქვენ და დღეს გვიყიჟინებთ, რომ მე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობაო“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის განცხადებაზე, რომ "ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა", გახარიამ აღნიშნა: "კობახიძეს ეს „პასუხისმგებლობა ააღებინეს. კი არ აიღო, ააღებინეს. მე ვერ ამაღებინეს. მე როცა ვწყვეტ, მაშინ გადავდგები“, - განაცხადა გახარიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი ტრამპი ვატიკანი
„პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაკეტების სროლის მიზეზი არ ჰქონდა. ეს მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მას ომის შეჩერება არ სურს“ - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მისივე სოციალურ ქსელ truthsocial - ში გაავრცელა და ისევ აღნიშნა, რომ ომი არ იქნებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფი...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 აპრილი 14:17

ზელენსკი ტრამპ
„კარგი იყო, ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერზე შედეგს მივაღწევთ“ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ ვატიკანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.   ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 აპრილი 14:08

ლაშა მგელაძე
„ოპოზიციას ვეუბნები ამას, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ტანდემში რომ ცეკვავს ხოლმე ტანგოს ქოცებთან“ - ლაშა მგელაძე

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: რა საცოდავები ვართ, მთელი ერი იმაზე საუბრობს ჩამოართვა თუ არა ხელი ტრამპმა ყაველას... ვთქვათ ჩამოართვა და მოიკითხა.. „ენდ“?....ანარ...

სოცმედია 26 აპრილი 13:58

ტრამმა ჩაუარა ყაველასა
ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა

ვიდეო: რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი კი არ აუწია, უბრალოდ, მის წინ ჩაიარა   

პოლიტიკა 26 აპრილი 13:56

დავით კაჭარავა
რაგბის კავშირის პრეზიდენტის ერთკანდიდატიან არჩევნებში "ოცნების" პარლამენტის წევრმა, დავით კაჭარავამ გაიმარჯვა

2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა -...

სპორტი 26 აპრილი 13:54

თვითმარქვია სასულიერო პირი
საპატრიარქო "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "თვითმარქვია სასულიერო პირის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.   ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიე...

საზოგადოება 26 აპრილი 13:52