სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღგომო ეპისტოლე

რელიგია 1714854042

პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე:

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).
აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, – ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:
ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი, იშვა რჩეული ერის, ისრაელის, წიაღში.
ადამიანური ბუნებით იგი მოიცავდა მთელ კაცობრიობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ ჰქონდა ცოდვა ისევე, როგორც ადამს ცოდვით დაცემამდე.
მას მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს; პირველი ადამი მიწისგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა, მეორე, – წმინდა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამის შეცოდებით სამოთხე დავაკარგეთ და სიკვდილსა და ხრწნილებას დაედო სათავე, ხოლო მეორე ადამმა – ქრისტემ, ცოდვისა და სულიერი სიკვდილისაგან გვიხსნა, მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა და სამოთხის კარი კვლავ განგვიღო.

განკაცებულმა უფალმა განაახლა ჩვენი დაცემული ბუნება და აღგვიდგინა ცოდვით შებღალული თავდაპირველი ხატება ღვთისა. ამასთან, მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან და ღმერთთან, რათა დასაბამისეული განგებულება ყოვლადწმინდისა სამებისა ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს.

* * *
სულ რაღაც სამწელნახევრის მანძილზე იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით მრავალი მიმდევარი შეიძინა, თუმცა მისი მაცხოვნებელი სწავლება ყველამ სიხარულით როდი მიიღო. ზოგი ეჭვით უყურებდა, ზოგიც გმობდა. თავად უფალი კი, განგებულების შესაბამისად, გარკვეულ ჟამამდე განერიდებოდა ხოლმე მათ და განკურნებულებს, მკვდრეთით აღდგინებულებს, აგრეთვე, ფერისცვალების სასწაულის მხილველ მოწაფეებს და თვით ბოროტ სულებსაც უკრძალავდა, გარკვეულ დრომდე, მესიად საჯაროდ ეღიარებინათ; სიტყვანი და საქმენი მისნი კი მაინც თავისთავად მოწმობდა, ვინ იყო იგი.

უფალთან ურთიერთობისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ არამიწიერთან და, ამავე დროს, მშობლიურთან, ჰქონდათ შეხება და მუდამ არჩევანის წინაშე დგებოდნენ, – მიეტოვებინათ ძველი ცხოვრების წესი, ეზრუნათ სულიერ განწმენდაზე, როგორც ამას მაცხოვარი ქადაგებდა, თუ დარჩენილიყვნენ ცოდვაში და ძველებური ყოფა გაეგრძელებინათ.

იერუსალიმში დიდებით შესვლამდე უარყოფითად განწყობილნიც კი, მართალია, ზოგჯერ დრტვინვით, მაგრამ უფრო ხშირად ინტერესით, უსმენდნენ მაცხოვარს; თუმცა ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების შემდეგ, როცა მთელმა ერმა პატივი მიაგო მას, როგორც მესიასა და მაცხოვარს და ჩვილებმაც კი სასწაულებრივად იგალობეს მხსნელის სადიდებელი: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა“ (ინ. 12.13) – , ვითარება რადიკალურად შეიცვალა; უფალი უკვე ყველას შეეხო და როგორც საერონი, ისე, განსაკუთრებით, სასულიერო დასი არჩევანის წინაშე დადგა, – ან უნდა მიეღოთ იგი მესიად, ან უარეყოთ.

დაპირისპირებულმა ძალამ მისი სიკვდილით დასჯა განიზრახა.

მოვლენები უსწრაფესად განვითარდა.
ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათს, ღამით, როდესაც მოსახლეობა პასექის ზეიმისთვის ემზადებოდა. პარასკევს, გამთენიისას, გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს ჯვარს აცვეს.

პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალდებულის შეწყალება იყო შესაძლებელი. მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა…
* * *
იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებლებს, სინედრიონის წევრებს, იგი რომაელ პროკურატორთან, პილატესთან, უნდა მიეყვანათ, რადგან, რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება; ამასთან, უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით, მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით, – დასჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით, ჰქონდათ განზრახული.
გარდა პილატესი, იგი მეოთხედმთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიჰგვარეს. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან:
იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა.
წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და, დამცირების მიზნით, თავის მოსასხამმოცმული საბოლოო მსჯავრისთვის პილატეს გაუგზავნა.
პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას – ჯვარს ეცვათ იგი.
სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.
ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.
* * *
მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:
როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბოროტება, ცეცხლით დაწვა სოდომი და გომორი, ბაბილონის გოდლის მშენებლობით გამოვლენილი ამპარტავნებისათვის ბოროტად შეთქმული ადამიანები ენათა შერევით განაცალკევა…
ამიტომაც არის აზრი იმის შესახებაც, რომ დაცემულ ანგელოზებს ეგონათ, თუ უფალი კაცთაგან სასიკვდილოდ გაიწირებოდა, ღმერთი ადამის მოდგმას სამუდამოდ მოაკლებდა წყალობას, მისი რისხვა იქნებოდა შეუქცევადი და კაცობრიობა მთლიანად და საბოლოოდ ჯოჯოხეთის წილხვედრი გახდებოდა.
თუმცა მოვლენები რეალურად როგორ განვითარდებოდა, არა თუ მათ, თვით ღვთის ანგელოზებმაც არ იცოდნენ.
ქმნილ სამყაროს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვად და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა; ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთა სამყაროს დასჯიდა; მათ ძლიერებას დაამხობდა, ჯოჯოხეთის ბჭეთ შემუსრავდა და სიკვდილს განაქარვებდა.
„დაინთქა სიკვდილი ძლევით! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!“ (I კორ. 15.55).
ამიერიდან, მართლმორწმუნეთათვის იმქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათგან განწმენდილი მათი სულები ღვთის სავანეთ იმკვიდრებენ და მეორედ მოსვლის შემდეგ, საყოველთაო აღდგომით, უხრწნელი სხეულის შემოსვითა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებით იხარებენ.
მთელი ახალი აღთქმა ცათა სასუფევლისკენ მოწოდებაა, რადგან მისი მოპოვებაა ჩვენი მყოფობის არსი და აზრი. აღდგომილი მაცხოვარიც სწორედ ცათა სასუფევლის ცოდნას უზიარებდა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით 40 დღის მანძილზე, როცა ზეცად ამაღლებამდე ეცხადებოდა მათ და სამოციქულო ღვაწლისთვის ამზადებდა და განამტკიცებდა.
ამის შედეგი იყო ის, რომ მოციქულები, რომელთაც დაბრკოლებისა და შიშის გამო ჯვარცმისას მიატოვეს იესო და სინედრიონის მიერ წაქეზებული ხალხისა და ხელისუფალთაგან შეძრწუნებულნი გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდნენ, უხრწნელ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის არაერთგზისი ხილვითა და მასთან ურთიერთობით დარწმუნდნენ, რომ ასეთივე იქნებოდა საყოველთაო აღდგომისას ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობაც, რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაგვეხსნა გზა. ამიტომაც, სრულიად გაუქრათ მიწიერ სხეულთან გაყრის შიში და მათში სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებამ იზეიმა.
ისინი იმდენად განმტკიცდნენ და იმდენად განიბრძნენ უფლის სწავლებით, რომ წმინდა მიწაზეც და მთელ მსოფლიოშიც უშიშრად დაიწყეს სახარების ქადაგება და მოწამეობრივი სიკვდილიც სიხარულით მიიღეს.
* * *
უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა.
ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.
ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.
* * *
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, – ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.
ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.
უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.
ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.
დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან – განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.
მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!

სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი, ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი,თბილისი, 2024 წელი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოდიშარიას და ჩიგოგიძის შვილები
ვიდეო: “მოგი@@ნავ დედის მუტ@ლს” – ოდიშარიასა და ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...

პოლიტიკა 1728064206

ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანისა და ამერიკის საელჩოს გზავნილები

აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...

პოლიტიკა 1728063959

სიახლე ავერსში
,,ავერსში“ სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1728038502

ნუკი
„გავიღვიძე და ასეთი რამ დამხვდა“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...

სოცმედია 1728038343

ლავროვი
„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...

პოლიტიკა 1728037948

ჰერჩინსკი ბანერები
„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია“ - EU-ის ელჩი „ოცნების“ ბანერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია".   "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...

პოლიტიკა 1728037666